Windows Home Server 2011 – სერვერი სახლის პირობებში

იქცა ის, რომ სახლში პერსონალური კომპიუტერების და ლეპტოპების რიცხვი ზოგჯერ ოჯახის წევრთა რაოდენობასაც კი აღემატება. ამ დროს კი საჭირო ხდება ყველაზე მთავარი ამოცანის გადაჭრა: მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ გიწევთ ახალი HDD-ს მიერთება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძველები უბრალოდ გადაივსო. ამდენი ფაილის სამუშაო კომპიუტერში ერთად თავმოყრა კი ნამდვილად მოუხერხებელია, რადგან ზოგიერთი მათგანი ფაქტიურად დაკონსერვებულია და წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავთ ხოლმე. ლეპტოპის HDD-ები კი, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ყველა საჭირო ფაილის თავმოყრა მასზე არ ხერხდება. გამოსავალი კი, ერთი შეხედვით, არსებობს შემდეგში: ავიღოთ ნებისმიერი მესამე კომპიუტერი და მასში მოვათავსოთ ყველა მონაცემი, რაც კი ოდესმე შეიძლება დაგვჭირდეს. ამ მონაცემებთან წვდომა კი სახლში არსებული ნებისმიერი სხვა კომპიუტერიდან უნდა შეგვეძლოს. თუმცა არც სახლის გარეთ მყოფი მფლობელი არ უნდა დაიჩაგროს. წარმოიდგინეთ ტრანსპორტით მგზავრობისას ან სულაც ქალაქგარეთ ყოფნისას თქვენი ლეპტოპით უკავშირდებით სახლში გამართულ სერვერს და იქ განთავსებული ბიბლიოთეკიდან კითხულობთ წიგნებს, ათვალიერებთ ფოტოალბომებს, უყურებთ ფილმებს, უსმენთ მუსიკას, ან სულაც ახდენთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიებას. სახლში ყოფნისას კი თქვენს დაქვემდებარებული TV-ს მეშვეობით ახდენთ მეზობლად კუთხეში მიმალული კომპიუტერიდან ვიდეოფაილების სტრიმინგს. მომხიბვლელია, არა? ბუნებრივია, სერვერად გამოყენებულ კომპიუტერს დასჭირდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რათა შეძლოს მიერთებულ კლიენტებთან ინფორმაციის გაცვლა და შენახული მონაცემების მოწესრიგება გარკვეული პრინციპით. ამ სამუშაოს შესასრულებლად Microsoft-მა შეიმუშავა ცალკე ოპერაციული სისტემა Windows Home Server. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი სრულყოფილი OS-ია და ამავდროულად საკმაოდ სტაბილურიც.
ბოლო რელიზი Microsoft Home Server-ისა გახლდათ Windows Home Server 2011. მან შეცვალა მანამდე არსებული WHS კოდური სახელწოდებით Vail. რასაკვირველია, განხორციელდა გარკვეული სისტემური ცვლილებები, რომლებმაც დადებითიც მოიტანეს თან და უარყოფითიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, WHS 2011 საკმაოდ კარგი სისტემა გამოვიდა. წინაპრისგან ახალმა ოპერაციულმა სისტემამ მემკვიდრეობით მიიღო იგივე GUI, ბილ გეითსის სამფლობელოში ეტყობა საჭიროდ არ ჩათვალეს ამ კუთხით რაიმეს გადაკეთება და რეალურად ბევრი არაფერი დაუშავებიათ – გრაფიკული გარსი საკმაოდ მოსახერხებელია და Windows 7-თან მუშაობას შეჩვეული მომხმარებლისთვის მისი ათვისება საკმაოდ იოლია.
ინსტალაციის პროცესი მარტივია და ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ მოითხოვს. მთავარია გაგვაჩნდეს მინიმუმ 160–გიგაბაიტიანი მყარი დისკი ( წინა ვერსიაში მისი მინიმალური მოცულობა 70 გიგაბაიტი იყო) და ნორმალური ჰარდი, რათა OS არ მოკვდეს რაიმე რთული დავალების შესრულებისას. ინსტალაციის პროცესში ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ აუცილებლად უნდა გამოვრთოთ სისტემიდან ყველა HDD, გარდა იმ ერთისა, რომელზეც ოპერაციულ სისტემას ვაინსტალირებთ. ამის მიზეზი კი არის სერვერის „ჩვევა“ ამოყოს თავი იმ მყარ დისკზე, რომელზეც ყველაზე ნაკლებად გვაწყობს მისი არსებობა. ყოველ შემთხვევაში მცირე დისკომფორტის სანაცვლოდ თავიდან ავიცილებთ უფრო დიდ დისკომფორტს. დაინსტალირების შემდგომ დანარჩენი HDD-ების მიერთება უკვე თამამად შეგვიძლია. მყარი დისკის მიერთების შემდეგ მართვის პანელზე გამოდის შეტყობინება, რომელიც გვაძლევს საბაზისო ინფორმაციას ახალ მიერთებულ მოწყობილობაზე და გვთავაზობს დავაფორმატოთ იგი ან უბრალოდ უგულებელვყოთ ეს შემოთავაზება და მშვიდად გავაგრძელოთ საქმიანობა. თუ გადავწყვეტთ ახალი HDD-ს გამოყენებას, WHS 2011 შემოგვთავაზებს მოვუძებნოთ მას დანიშნულება: უბრალოდ ფაილების შესანახად ან სულაც ბექაფისთვის.

ოპერაციული სისტემა ავტომატურად აგენერირებს სისტემურ დირექტორიებს სერვერის გარემოში და მათი გადატანა მყარ დისკებზე მთელი პროცედურების გავლის შემდეგ თუა შესაძლებელი. ასე მაგალითად: თუ გვსურს გადავიტანოთ Videos, Music ან Documents დასახელების მქონე დირექტორიები, უნდა მივმართოთ სპეციალურად გამოყოფილ ოსტატს, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავირჩიოთ დანიშნულების პუნქტი და მარტივად დავასრულოთ ფოლდერების მიგრაცია. ამ ოპერაციის შესრულების შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვინახულოთ სერვერის ბექაფის კონფიგურაციის უტილიტა და შევამოწმოთ მონიშნული არიან თუ არა აღნიშნული დირექტორიები ავტომატური ბექაფისთვის. უარყოფითი მაჩვენებლის შემთხვევაში მოგვიწევს მათი ხელით მონიშვნა, თუმცა მანამდე წინასწარ უნდა განვსაზღვროთ სარეზერვო კოპირებისთვის განკუთვნილი HDD-ები. წინააღმდეგ შემთხვევაში ოსტატი შეცდომას ამოაგდებს.
თავად სარეზერვო კოპირებისთვის საჭირო მყარი დისკების დასაკონფიგურირებელი ოსტატი საკმაოდ მარტივადაა ორგანიზებული და თუ ძალიან არ მოინდომებთ, ვერაფერს გააფუჭებთ. პირველ რიგში ვირჩევთ ბექაფისთვის გამოყოფილ HDD-ებს. სამწუხაროდ, 2 ტერაბაიტზე დიდი მოცულობა მხარდაჭერილი არაა. ამის შემდეგ ოსტატი გვატყობინებს, რომ საჭიროა არჩეული ლოკაციების ხელახალი დაფორმატება და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეგვეძლება ავირჩიოთ, თუ რა დირექტორიები გვსურს მოექცეს სარეზერვო ასლების შემქმნელი უტილიტის მოქმედების არეალში. ბექაფირების დროის განსაზღვრის ორი მეთოდი არსებობს: რეკომენდირებული, რაც გულისხმობს დღეში ორჯერ დარეზერვებას (დროებს თავად ვირჩევთ) და მომხმარებლის სურვილით განსაზღვრული რეჟიმი.
WHS 2011-ის მართვის პანელი გამოირჩევა უბრალოებით და სიმარტივით. აქედან შეგვიძლია ვმართოთ მომხმარებლები და გავუწეროთ მათ უფლებები, ოპერაციულ სისტემას გავუზარდოთ შესაძლებლობები add-in-ების ხარჯზე და ვაკონტროლოთ მონაცემთა შემნახველი მოწყობილობების მოცულობები და სტატუსი. ეს უკანასკნელი პუნქტი წინა ვერსიასთან შედარებით უფრო ინფორმაციული და მოსახერხებელი გახდა.
სისტემის სამომხმარებლო დონეზე მართვის გასაადვილებლად არსებობს პროგრამული დამატება Launchpad, რომელიც მოტივტივე პანელს წარმოადგენს და ძირითად სამართავ პანელს ეფექტურად ცვლის.
Windows Home Server 2011-ის საორიენტაციო ფასი $100-ის ფარგლებში მერყეობს და შეიძლება ითქვას, რომ იგი იდეალური გადაწყვეტილებაა სახლისა და მცირე ოფისებისთვის. მარტივია დასაინსტალირებლად და მისი გამართვა განსხვავებით Linux პლატფორმაზე არსებული სერვერებისა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას მოცემულ სფეროში.

წყარო: navigator.ge, icode.ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s